სახმელეთო ამანათი

 

სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ

გაგზავნის პირობები

 

1.    მოქმედების სფერო

 

1.1. წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის პირობები. დოკუმენტი განკუთვნილია „საქართველოს ფოსტის“ ყველა იმ პოზიციის თანამშრომელთათვის, ვინც უზრუნველყოფს სახმელეთო ამანათის გაგზავნასთან  დაკავშირებული ოპერაციების შესრულებასა და კონსულტაციის გაწევას. დოკუმენტის მიზანია მაქსიმალურად იქნას აღწერილი სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის პირობები, რაც წარმოადგენს მომხმარებლის სწორად მომსახურების საფუძველს.

1.2. ის საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ იმ დებულებებით, რომლებიც შეეხება რეგისტრირებულ საერთაშორისო გამავალ ამანათს.

 

 

2.    ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები

 

2.1. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათი  არის ამანათის სახეობა, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლისგან იღებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სერვისცენტრების საშუალებით, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გადასცემს კონტრაქტორ კომპანიას, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით.

2.2. სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება გამოითვლება ფაქტიური წონისა და „საქართველოს ფოსტის“  მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1კგ.-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 1კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი იხდის ფიქსირებულ - 1კგ.-სთვის დადგენილ ტარიფს.

2.3. სახმელეთო ამანათის ფასდადებით გაგზავნის შემთხვევაში, გაგზავნის საფასურის გადახდა ხორციელდება ადრესატის მიერ და ის გამოითვლება ფაქტიური წონის ნამრავლით 3 (სამ) ევროზე.

2.4. სახმელეთო ამანათის მიღება  სერვისცენტრების მიერ ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს. ამასთან, თბილისის სერვისცენტრების გარდა, ნებისმიერ სხვა სერვისცენტრში  სახმელეთო ამანათის შაბათ დღეს მიღების შემთხვევაში, ოპერატორი უხსნის მომხმარებელს, რომ მისი გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ მომდევნო კვირის პარასკევს და შესაბამისად მალფუჭებადი პროდუქტების შემცველი ამანათის შაბათს დღეს მიღება არ არის რეკომენდირებული.

2.5. გამავალი სახმელეთო ამანათის  წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს, ხოლო ზომა -50სმX50სმX50სმ-ს.

2.6. „საქართველოს ფოსტა“ სახმელეთო ამანათის გაგზავნას ახდენს მხოლოდ საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში.

2.7. „საქართველოს ფოსტის“ მიერ  სახმელეთო ამანათის დაზღვევა არ ხდება.

2.8. ქვეყნის გარეთ სახმელეთო ამანათის გაგზავნის უფლება აქვს მხოლოდ ფიზიკურ პირს.

2.9. ადრესატისათვის ჩაუბარებელი სახმელეთო ამანათის უკან გამგზავნისათვის დაბრუნება არ ხორციელდება.

3.    სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად

 

3.1. „საქართველოს ფოსტა“, სახმელეთო ამანათის მიღებას ქვეყნის გარეთ გასაგზავნად ახორციელებს   სერვისცენტრების  მეშვეობით. კურიერის საშუალებით აღნიშნული ტიპის გზავნილის მიღება არ ხდება.

3.2. გასაგზავნად მიღებულ სახმელეთო ამანათს ენიჭება საიდენტიფიციკაციო კოდი (შტრიხ კოდი).

3.3. სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - სახმელეთო ამანათის მისთვის ჩაბარებისას.

3.4. გზავნილის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. გზავნილი უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და ისეთი წესით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს, აგრეთვე  ასეთმა  შეფუთვამ არ უნდა დააზიანოს სხვა გზავნილები ტრანსპორტირების დროს და არ უნდა შეუქმნას პრობლემები პირებს,  ვინც განახორციელებენ გზავნილების  შემდგომ დამუშავებას, ტრანსპორტირებას თუ დასაწყობებას.

3.5. ამანათის შიგთავსი უნდა მოთავსდეს  ყუთში, რომელიც გარედან უნდა დაილუქოს წებოვანი „საქართველოს ფოსტის“ ბრენდირებული ლენტით. თხევადი და სითხის შემცველი პროდუქცია უნდა მოთავსდეს პლასტმასის კონტეინერში/ბოთლში.

3.6. გამგზავნს უფლება არ აქვს სახმელეთო ამანათით გააგზავნოს ის ნივთები და საქონელი, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია.

3.7. გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება „საქართველოს ფოსტას“-ს აკრძალული ნივთის გაგზავნის, ან სახმელეთო ამანათის არასათანადო შეფუთვის გამო.

4.    გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნა/ჩაბარება და ჩაბარების ვადები

 

4.1. სახმელეთო ამანათების გაგზავნას „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათ დღეს, ხოლო აღნიშნული ამანათების მიწოდებას საბერძნეთში კონტრაქტორი ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფს ყოველი კვირის პარასკევს.

4.2. სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. ადრესატს უფლება აქვს სახმელეთო ამანათის ჩაბარების მიზნით მიაკითხოს „საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორი კომპანიის შესაბამის ოფისს, ან მოითხოვოს ამანათის მითითებულ მისამართზე ჩაბარება, ამ კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

4.3. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატის მიერ არ მოხდება გზავნილის გატანა დანიშნულების ოფისში მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში,  გზავნილი განადგურდება ადგილზე.    

 

5.    აკრძალული და პირობითად დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი სახმელეთო ამანათებისთვის
 
5.1.სახმელეთო ამანათით დაუშვებელია იმ საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა, რაც სტანდარტულად არის აკრძალული საფოსტო გზავნილებით გაგზავნისას, გარდა ამისა ასევე დაუშვებელია შემდეგი პროდუქტების გაგზავნა:
5.1.1.      თამბაქო და თუთუნი;
5.1.2.      თაფლი;
5.1.3.      ხორცი და ხორცის ნაწარმი;
5.2.ქვემოთჩამოთვლილი პროდუქტების გაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი ოდენობით:
5.2.1.      ნებისმიერი სახის ყველი - 1 თავი არაუმეტეს 2 კგ-სა (მოთავსებული ჰერმეტულად, დახურულ პლასტმასის კონტეინერში, სითხის გარეშე);
5.2.2.      ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლური სასმელი, არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრისა. ამასთან:
ა) არაქარხნული წარმოების სასმელი  მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლებში (ერთი ბოთლი არაუმეტეს 2.5 ლიტრისა);
ბ) ერთი სახეობის  ქარხნული წარმოების ალკოჰოლური სასმელი იგზავნება არაუმეტეს 2 ბოთლისა;
5.2.3.      სხვა თხევადი და ბლანტი კვების პროდუქტები -  მოთავსებული პლასტმასის ბოთლებში;
5.3.მედიკამენტები ქარხნული შეფუთვით, არაუმეტეს 300 გრამისა. ამასთან:
ა) ერთი სახეობის აბები - არაუმეტეს 10(ათი) ფირფიტისა;
ბ) სხვა ტიპის (მათ შორის სითხის შემცველი) მედიკამენტები.
 
შენიშვნა:  მედიკამენტების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ცალკე გზავნილის სახით, მასთან ერთად სხვა რაიმე საქონლის/პროდუქტის  გაგზავნა დაუშვებელია.
5.4.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაჟინებით ითხოვს აკრძალული ნივთის გაგზავნას, მან სავალდებულო წესით უნდა მოაწეროს ხელი განაცხადს - „განცხადება აკრძალული ნივთების გაგზავნაზე.“
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ  5.4. პუნქტში აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ აკრძალული ნივთების მიმართ, რომელიც მოცემულია „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე განთავსებული დებულების  - „აკრძალვები და შეზღუდვები საერთაშორისო საფოსტო გზავნილის შიგთავსის მიმართ“  ( https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/restrictions/ ) მე-2 და მე-3 პუნქტებში.

 

6.    სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები

 

6.1. სახმელეთო ამანათის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნს შეუძლია ისარგებლოს  შემდეგი დამატებითი სერვისებით:

Ø  ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა;

Ø  ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ.

6.2. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ შესაძლებელია ს/ც-ში მიმართვის გზით და “გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემული გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე.

6.2.1.აღნიშნული სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს გადახდილი გაგზავნის ღირებულება უბრუნდება უკან, შესაბამისი წონისა და ზომის ადგილობრივი ამანათის გაგზავნის ღირებულების ორმაგი ოდენობის გამოკლებით.

6.2.2.მომხმარებელი შეძლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი მხრიდან გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის განაცხადი დაფიქსირდება გზავნილის „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემიდან არაუგვიანეს პარასკევს 17:00 საათამდე. მომხმარებლის მიერ ამანათის შაბათ დღეს გასაგზავნად ჩაბარების შემთხვევაში, იგი აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს. 

6.3. „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ“ გულისხმობს მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას გაგზავნილი ამანათის  შესახებ.

6.3.1.ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმ გზავნილებზე, რომელთა დარეგისტრირებიდან ინფორმაციის  მოთხოვნის შესახებ განცხადების კომპანიაში წარდგენამდე არ არის გასული 1 წელზე მეტი დრო. თუ მოთხოვნილია ინფორმაცია, რომელიც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერიოდს, კომპანიას უფლება აქვს გასცეს ამგვარი ინფორმაცია, თუ დაცული მონაცემები იძლევა ამის საშუალებას.

6.3.2. მომხმარებელს უფლება აქვს ერთი განცხადებით მოითხოვოს ინფორმაცია 5 (ხუთ) გზავნილზე, ან ერთ თვიან პერიოდზე (ამ შემთხვევაში გზავნილების რაოდენობა შეზღუდული არ არის). ერთ განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაციასაქართველოს ფოსტისმიერ გაიცემა ერთ დოკუმენტად.

6.3.3. ცნობა გაიცემა კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაცია ეგზავნება მომხმარებელს მის მიერ შერჩეული გზით (მითითებულ მისამართზე - I კლასის წერილის სახით, ან გაიცემა  სერვისცენტრიდან ან კომპანიის სათავო ოფისიდან).

 

 

 

7.       საქართველოს ფოსტის პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა

 

7.1   „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო ამანათის დაკარგვით, ან დაზიანებით. ამასთან, გზავნილი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

7.2   გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია დანიშნულების ქვეყნის კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ან თუ გზავნილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის  განმავლობაში.

7.3   „საქართველოს ფოსტა“ არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ.

7.4   „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება:

Ø დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

Ø შემთხვევებში, როცა „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

Ø თუ გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

Ø იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

Ø იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით ), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში.

Ø მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ   გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

Ø თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

Ø თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა „საქართველოს ფოსტას“ საფოსტო გზავნილის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

7.5. სახმელეთო ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ გამგზავნს უნაზღაურებს გადახდილი ტრანსპორტირების საფასურსა და არაუმეტეს 1 ლარს თითოეულ კილოგრამზე.

7.6. სახმელეთო ამანათის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით.  

7.7. ახმელეთო ამანათის დაზიანებულად მიჩნევის შემთხვევაში,  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით. 

 

 

8. დასკვნითი დებულებები

 

8.1. თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

8.2. ყველა ი საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით,  რეგულირდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ დამტკიცებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“.

8.3.    ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება ძალაში შედის მისი „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერისა და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსების დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

8.4.    ამ დოკუმენტის  მუხლებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმარტავნი.