|
საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან
ცნობილია, რომ საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა ”შიკრიკთა” და ”მალემსბოლთა” მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ
მოიხსენიებიან ” ქართლის
ცხოვრებაში.” XIX საუკუნის დამლევს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი
წარმომადგენელი იოანე ბატონიშვილი, რომელმაც შეადგინა სახელმწიფო წესწყობილების
რეფორმის კანონპროექტი, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო
იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოება
ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო და იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო
დაწესებულების შექმნას. იგი წერდა: ”ფოსტები ანუ ჩაფარხანა რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს
სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში”...
საქართველოში პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული
ურმის სახელი. პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში
(სანკტპეტერბურგში) გამოფენილ უძველეს ფოსტის გადაზიდვის საშუალებებთან ერთად არის
ქართული ურემი. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართული ურმით ფოსტის
გადაზიდვას ბევრ ქვეყანაში მიუქცევია ყურადღება. 1900 წელს, გერმანულიდან რუსულ
ენაზე თარგმნილ წიგნში - ”ტექნიკა და მრეწველობა” (მეათე ტომი), აღწერილია ბერლინის საფოსტო მუზეუმის
ზოგიერთი უნიკალური ექსპონატი, ნათქვამია: ამ მუზეუმში რუსეთის ექსპონატებიდან
განსაკუთრებით საინტერესოა ”ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები”.
აქედან ცხადია, რომ ქართულმა ურემმა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფოსტის
გადაზიდვის პირველ საშუალებათა შორის. პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი
კატალოგი გვამცნობს, ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიოს საფოსტო გამოფენაზე,
რუსეთის საფოსტო განყოფილებაში აჩვენებდა ქართული საფოსტო ურმის მოდელს და
კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატს. საქართველოში საფოსტო კავშირების
განვითარებასთან განუხრელად იყო დაკავშირებული საფოსტო მიმოსვლის გაუმჯობესება
კავკასიონზე გავლით - საქართველოდან რუსეთში.
1804 წელი - ფოსტა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის მხოლოდ ცხენიანი ესტაფეტით
გადაჰქონდათ.
- 1805 წელს თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა;
- 1826 წელი - ფოსტის გადასატანად დამატებით 120 ცხენი გამოეყო;
- 1832 წლიდან, საქართველოს ზოგიერთ საფოსტო ტრაქტებზე ფოსტის სადგურები კერძო
პირებს ეკუთვნოდათ, შემდგომ კი 1836 წლიდან დაიწყო სადგურების საფოსტო უწყებისათვის
გადაცემა.
- 1840 წელს შეიქმნა XII საფოსტო ოლქი მის გამგეობაში შევიდა ”ქართლ-იმერეთის” და კასპის ოლქი. 1857
წელს ოლქის მმართველის (ნ.კახანოვი) თხოვნის თანახმად თბილისში საფოსტო კანტორასთან
გაიხსნა ფოსტის განყოფილება. კახანოვმა ორი თვის მანძილზე გარკვეული რეფორმები
გაატარა საფოსტო საქმეში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ მას მიაწერენ
”თბილისის მარკის”
გამოშვებას.
1862 წელი თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 11 ახალი სადგურის აგება დაიწყო.
1870 წელი - თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ფასანაურის, მლეთის, გუდაურის,
ყაზბეგის, ლარსის, ბალტას და ვლადიკავკაზის საფოსტო სადგურებში ცხენების რაოდენობა
652-მდე გაიზარდა. ქართველი მოწინავე საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით
ადევნებდა თვალყურს საფოსტო მიმოსვლას საქართველოს სამხედრო გზაზე. ამ მხრივ
საგულისხომოა რუსეთის ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოღვაწეობა
საქართველოს სამხედრო გზაზე ფოსტის მიმოსვლის გაუმჯობესებისათვის. ამ განყოფილების
თავმჯდომარემ, რუსეთსა და საქართველოში კარგად ცნობილმა მეცნიერმა და ინჟინერმა მ.
გარსევანიშვილმა 1876 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიყვანა მაგალითები
პეტერბურგიდან ფოსტის დაგვიანებაზე. განსაკუთრებით ქვიშხეთსა და ყაზბეგის
მიმართულებით თოვლისა და ზვავების გამო. რის გამოც გზათა მიმოსვლის მერვე ოლქის
მმართველობამ წინადადებით მიმართა პეტერბურგს, თუ 5 დღით შეფერხდებოდა თბილისში
ფოსტის გამოგზავნა, მაშინ იგი თემურ-ხან-შურაზე, დერბეტზე, ბაქოზე, ელიზავეტოპოლზე
გავლით უნდა გამოეგზავნათ 200 ვერსის ნაცვლად, 1211 ვერსის შემოვლით.
1879 წელს გაზეთი დროება (ს.მესხი - სტატია ”უპოჩტობა”-) წერდა -” მომეტებულ ნაწილს საქართველოს
ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში
მხლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა. .. მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა
უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რაც ამ ოცი
წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება : მუდამდღე მატულობს ჩვენს
ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება
წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო
ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი.
ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და
კორესპოდენდენცია”. მას მიაჩნდა, რომ სჯობდა გაძვირებულიყო ფოსტის გაგზავნა,
სამაგიეროდ გაუმჯობესებულიყო მისი ორგანიზაცია. ... ”ოღონდ კი იყოს ფოჩტა, ოღონდ კი შეიძლებოდეს ფოჩტის
დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს უეჭველია
არავინ დაზოგავს” წერდა გაზეთი..
1886 წელს გაიხსნა ფოსტის გზა რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით - ”ფოსტის გზას დიდი მხიარულობით ეგებება
ხალხიო” წერდა გაზეთი ”ივერია”. – რამდენის მთქმელია ეს სიტყვები . საქართველოში შესანიშნავად ესმოდათ
კავშირგაბმულობის ამ დარგის მნიშვნელობა.
-1886წ -ამავე წელს მცხეთაში დაარსდა ფოსტის განყოფილება.
_1893 წ. – (გაზეთი ივერია) – განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სოფლებში ფოსტის
გადატანის ორგანიზებას
1901 წ.(გაზეთი ივერია)- გაიხსნა ახმეტაში და იყალთოში საფოსტო
განყოფილებები.
. 1913 წლის მდგომარეობით კი საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება
ფუნქციონირებდა.
1894 წლიდან ფულის გაგზავნა ხორციელდებოდა შემდეგნაირად - გამგზავნი ფულს
მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა ფულის მიღების კვიტანციას აძლევდა გამგზავნელს და შემდეგ
ადრესატს უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა. ამ წესით
იგზავნებოდა არა უმეტეს 1000 მანეთისა. (გაზეთი ”ივერია” N229.)
ილიასეული გაზეთი ”ივერია” ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფოსტა აახლოებდა ადამიანებს,
აცხოველებდა ვაჭრობას, ხალხში შეჰქონდა განათლება.
საფოსტო ქსელის გაფართოებას და განყოფილებების გახსნას საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში და განსაკუთრებით სოფელ ადგილებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც მეტი
იქნებოდა საფოსტო განყოფილება, მით უფრო ადვილად შეეძლოთ ადამიანებს ესარგებლად
საფოსტო მომსახურების სიკეთით. შემდგომ თანდათანობით ვითარდებოდა და იზრდებოდა
საფოსტო კავშირის ქსელი და დღეისათვის, კავშირგაბმულობის ელექტრონული ფორმების
გამოყენების უპრეცენდენტო გაფართოების პროცესში, საქართველოს ფოსტა, რომელიც
დაფუძნებულია 1995 წელს სახელმწიფოს 100 %-იანი წილით, და რომლის დამფუძნებელიც
არის ”საქართველოს
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო”, კვლავ ინარჩუნებს თავის უნიკალურ ადგილს,
ეწევა რა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე.
1993 წლიდან საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია. ამ კავშირის წევრობა
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა ქვეყნის საფოსტო
ქსელი ინტეგრირებულ იქნეს მსოფლიო საფოსტო კავშირის ქსელებში.
შპს ”საქართველოს ფოსტა”
ახორციელებს:
_ საფოსტო გზავნილებათა (წერილები, ამანათები, ღია ბარათები, ბანდეროლები,
ბეჭდვითი გამოცემები) მიღებას, გადაგზავნას და ჩაბარებას ქვეყნის შიგნით და
საზღვარგარეთ, მსოფლიო საფოსტო კავშირისა და საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის (EMS)
ქსელის მეშვეობით;
_ კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას;
_ ფულადი გზავნილების გაგზავნას ქვეყნის შიგნით, ბელგიის, თურქეთის, იაპონიის,
საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით;
_ სატელეგრაფო მომსახურებას - ქვეყნის შიგნით საქალაქო და რაიონულ
ცენტრებამდე;
_ სატელეფონო მომსახურებას - სალაპარაკო პუნქტების საშუალებით,
როგორც ქვეყნის ფარგლებში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ;
_ 2005 წლიდან შპს ”საქართველოს ფოსტა” ეწევა საკურიერო მომსახურებას, რომელიც თბილისის ფარგლებში
უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილების 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ქვეყნის მაშტაბით 72
სთ-ში ჩაბარებას;
_დანერგილ იქნა პირდაპირი ფოსტის მომსახურების- საინფორმაციო და სარეკლამო
ბუკლეტების საოპერაციო დარბაზებში გავრცელება და საფოსტო გზავნილებათა მომსახურების
გაწევისას მომხმარებლისათვის ამ ბუკლეტების მიწოდებას;
_ გადასახადების სწრაფი და მომენტალური გადასახადების მიღებას თბილისისა და
აჭარის საფოსტო განყოფილებებში - კომუნალური მომსახურების, კავშირგაბმულობის
ქსელებით მომსახურების, მობილური კავშირგაბმულობით მომსახურების გადასახადების
გადახდა
საქართველოს ფოსტა თავის სტრუქტურაში აერთიანებს
_ ”საქართველოს
საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტას”, რომელიც დაარსდა 2001 წლის 1 მარტს. იგი
ჩართულია ”Express mail services”-ის მსოფლიო ქსელში. განახორციელებს EMS
წერილებისა და ამანათების გაგზავნას 200 ქვეყნისა და საქართველოს ყველა რეგიონში
EMS ქსელით შემომავალი გზავნილების დანიშნულებისამებრ დაუყონებლივ ჩაბარებას. აქვს
ფილიალების ქსელი: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გორი, მარნეული. გზავნილები დაზღვეულია
სადაზღვეო კომპანია ”IC group” -ში. |